"ქართულმა ოცნებამ“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა და მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) კანდიდატს დაუჭერს. ამის შესახებ BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს. რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია. თუმცა ცნობილია ის, რომ „ოცნების“ მთავრობას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მჭიდრო კავშირები აქვს. ირაკლი კობახიძე წელს, თებერვალში ამ ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, როგორც “ოცნების” ხელისუფლება ირწმუნება, დეველოპერული კომპანია EMAAR ჯგუფი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამასთან, გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, საქართველოსა და საამიროების ბიზნეს ფორუმის ჩატარება იგეგმება.
BMG შეეცადა თავი მოეყარა ყველა იმ მონაცემისთვის, რომელიც საქართველოსა და UAE-ს შორის ეკონომიკური კავშირებს ასახავს:
ვაჭრობა
2024 წლის 27 ივნისიდან საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. მაშინ ურთიერთთანამშრომლობის ამ თანხმობას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი თაობის შეთანხმება უწოდეს. როგორც მაშინ ეკონომიკის უწყებაში განაცხადეს, ამით საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. შეთანხმების ამოქმედების შემდგომ საამიროების მხრიდან საქართველოსთვის ბაზარი ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციაზე გაიხსნა, როგორიცაა: საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ძირითადი ნაწილი, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი და სხვა.
აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მონაცემებზე ჯერჯერობით დადებითად არ ასახულა. საქსტატის მონაცემებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირედით შემცირდა და 76,2 მლნ დოლარი შეადგინა. 2024 წლის იანვარ-მარტში 77,9 მლნ აშშ დოლარი იყო.
სავაჭრო ბრუნვა წლიური მონაცემებითაც შემცირებულია. 2024 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 375 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2023 წელს კი 438 მლნ აშშ დოლარი იყო.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ვაჭრობაში უმეტესი წილი იმპორტზე მოდის, ექსპორტი კი მცირე წილს იკავებს. 2024 წელს UAE-ში ექსპორტმა დაახლოებით 42 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2023 წელს კი თითქმის 54 მლნ აშშ დოლარი. შემცირდა იმპორტიც, რამაც 2024 წელს 333,6 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2023 წელს 384 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება Top საქონელს, რითიც ვვაჭრობთ საამიროებთან, სტატისტიკა შემდეგნაირია:
2024 წლის ჯამური მონაცემებით, TOP-10 საექსპორტო საქონელი UAE-ში:
- მსუბუქი ავტომობილები - 9,2 მლნ აშშ დოლარი
- საფრენი აპარატები - 5 მლნ აშშ დოლარი
- ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 3,8 მლნ აშშ დოლარი
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 3,5 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1,6 მლნ აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 1,4 მლნ აშშ დოლარი
- ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 1,3 მლნ აშშ დოლარი
- ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 1,191 მლნ აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 1,118 მლნ აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 1,111 მლნ აშშ დოლარი
2024 წლის ჯამური მონაცემებით, TOP-10 საიმპორტო საქონელი UAE-ში:
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 165,9 მლნ აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 15,8 მლნ აშშ დოლარი
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 13,4 მლნ აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 11,8 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 9,4 მლნ აშშ დოლარი
- მიკროფონები ხმამაღლამოლაპარაკეები და სხვა - 9 მლნ აშშ დოლარი
- მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 8,4 მლნ აშშ დოლარი
- ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - 7,8 მლნ აშშ დოლარი
- საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 7,3 მლნ აშშ დოლარი
- ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 6,4 მლნ აშშ დოლარი
ინვესტიციები
UAE საქართველოში ერთ-ერთი აქტიური ინვესტორია ჯერ კიდევ 1997 წლიდან მოყოლებული. მთლიანობაში უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის აღრიცხვის დაწყებიდან, ანუ 1997 წლიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორებს საქართველოში $1.2 მილიარდი აქვთ ჩადებული. პიკური ინვესტიციები 2006 წელს დაფიქსირდა და ის $422 მილიონს შეადგენდა. 2023 წელს ინვესტიციები $41 მილიონი იყო, რაც შეეხება 2024 წელს, წინასწარი მონაცემებით, UAE-დან ინვესტიციები დაახლოებით $9 მილიონს შეადგენდა.
რა აქტივებს ფლობენ UAE-ს ინვესტორები საქართველოში?
ტურიზმი
საქართველოდან არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები არის. თუმცა როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ჩანს, ვიზიტორების ზრდა ამ ქვეყნიდან მნიშვნელოვანი არ არის. კერძოდ, UAE-დან 2025 წლის პირველ კვარტალში 2 642 ვიზიტი შედგა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მცირედით ნაკლები - 2 618 ვიზიტი იყო.
რაც შეეხება გასულ 2024 წელს, ჯამში ამ ქვეყნიდან 14 889 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2023 წლის მონაცემებზე (15 635) ნაკლებია. რეკორდული წელი კი სწორედ 2023 იყო.




























