მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით? ეს ტენდერებით უნდა ხდებოდეს" - ეკონომისტი გზების მოვლის სახელმწიფო კომპანიაზე

აკაკი ცომაია

ეკონომისტი აკაკი ცომაია გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს.

როგორც მან BM.GE-სთან საკითხის შესახებ განაცხადა, მსგავს საქმიანობას ტენდერების გზით შერჩეული კერძო კომპანიები უნდა ასრულებდნენ.

საქმე ისაა, რომ მთავრობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებას გეგმავს. აქამდე აღნიშნულ ფუნქციას ტენდერების მეშვეობით გამოვლენილი კერძო კონტრაქტორები ასრულებდნენ, თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ ფუნქციას სპეციალურად ამ მიზნისთვის დაფუძნებული სახელმწიფო კომპანია გადაიბარებს. პირველ ეტაპზე კომპანია გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მოვლა-შენახვის და მართვის სამუშაოებს განახორციელებს. ახალი კომპანიის დასაფუძნებლად დაახლოებით ₾63 მილიონის საწყისი ინვესტიციაა გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ 11 ივნისს განაცხადა, რომ სამინისტრო აპირებს შეიძინოს 120 ერთეული ახალი ტექნიკა. მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო არ იქნება კერძო კომპანიების კონკურენტი და მათ განვითარებაზეც იზრუნებს.

"ვფიქრობ, რომ არასწორი გადაწყვეტილებაა. ეს ზოგადად უნდა ხდებოდეს ტენდერების გზით და არა სახელმწიფო დეპარტამენტების მეშვეობით. სახელმწიფო დეპარტამენტმა როგორ უნდა გაარემონტოს გზა, ანუ თავისი ტექნიკა ექნებათ, თავისი მუშები ეყოლებათ, რომლებიც ამას გააკეთებენ? ეს ხომ სრული აბსურდია. საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით თუ რა ხდება? სხვანაირად როგორ უნდა მოხდეს, ტენდერებით თუ არა, ეს ყველაფერი?",- ამბობს აკაკი ცომაია.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გზების მოვლა-შეკეთებას სახელმწიფო კომპანია კერძოზე უკეთ შეძლებს

კერძო კომპანიები, სადაც დარჩებიან გზების მოვლა-შენახვაში, იქაც შევცვლით სისტემას - რევაზ სოხაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები