მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი მიიღო

საფრანგეთის პარლამენტი
06.06.24 15:07
377

საფრანგეთის პარლამენტმა "უცხოური ჩარევის წინააღმდეგ" კანონი მიიღო. როგორც ფრანგული მედია წერს, საკანონმდებლო ორგანომ კანონი 5 ივნისს, 138 ხმით დაამტკიცა, 10 დეპუტატი კი წინააღმდეგი იყო.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშებში, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივას უძღოდა წინ, საფრანგეთისთვის არადემოკრატიული სახელმწიფოებიდან, განსაკუთრებით კი რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე იყო ყურადღება გამახვილებული. კერძოდ, კანონპროექტის შემუშავებამდე დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც უცხო ძალების ჩარევის კონტექსტში მთავარ საფრთხეებად დასახელებულია: რუსეთი, ჩინეთი, ირანი და თურქეთი, რომელთაც ცალკე ქვეთავები ეთმობა. ასევე ეროვნული ასამბლეის საგამოძიებო კომიტეტის ანგარიში, რომელიც მთავარ საფრთხეებად რუსეთსა და ჩინეთს ასახელებს.

საფრანგეთში მიღებული კანონი, რომელიც ძალაში მომდევნო წლის 1-ელ ივლისს შევა, უცხოური გავლენის თავიდან აცილების მიზნით, ითვალისწინებს ეროვნული რეესტრის შექმნას, ასევე ალგორითმულ სისტემაზე დაყრდნობით, უცხო სახელმწიფოს ჩარევის, ან ჩარევის მცდელობის კონტროლს, ფინანსური აქტივების გაყინვის მექანიზმს.

ამასთან, კანონი რეგისტრაციის ვალდებულებას უჩენს უცხოური ინტერესების წარმომადგენლებს, რომლებიც ლობისტური საქმიანობით არიან დაკავებულნი. ფრანგული კანონი შემოსავლის წყაროსთან ერთად აქცენტს აკეთებს მის მიზნობრიობაზეც და განსაზღვრავს ქმედებებს, რა შემთხვევაშიც შეეხება ორგანიზაციას თუ ფიზიკურ პირს. ასეთი ქმედებები კი ძირითადად სწორედ ლობისტურ საქმიანობას ეხება.

აღსანიშნავია, რომ იყო მანიპულაციები საქართველოში მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის ფრანგულთან მსგავსების შესახებ, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებებია, როგორც ამ კანონების მიღების წინაპირობებს, ისე მათ შინაარსს შორის. ევროკავშირის თუ მისი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოში მიღებული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და რუსულის მსგავსია.

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გარსიმ განაცხადა, რომ "ფრანგული კანონი არ არის ქართული კანონპროექტი და საფრანგეთში ან მსოფლიოს სხვა ნაწილში რაც ხდება, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმის დასაცავად, რის გაკეთებასაც საქართველო აპირებს თავისი მომავლისთვის".

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნეს, რომ კანონის მიღება ევროპული გზიდან გადახვევაა: "ძალიან სამწუხაროა, რომ ვიგებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილების შესახებ - გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით - ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებით", - წერია განცხადებაში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები