საქსტატის მონაცემებით, საქართველომ 2024 წლის 10 თვეში 6.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 813 ტონა პიროტექნიკა შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტის ღირებულებას 27.5%-ით, ხოლო რაოდენობას 62.1%-ით აღემატება.
საქართველო ფეიერვერკებს, სასიგნალო შუშხუნებს, წვიმის რაკეტებს და სხვა პიროტექნიკურ ნაწარმს ძირითადად ბულგარეთში, ჩინეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და ავსტრიაში ყიდულობს.
bm.ge-მ იანვარ-ოქტომბერში პიროტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. TOP 10 იმპორტიორი შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):
- შპს სამი ძმა
- ინდივიდუალური მეწარმე მარდალიევა ბაგდასარ
- შპს BIUTI
- შპს MMG
- შპს ანგელა
- შპს ბეთ გრუპ
- შპს ემილი
- შპს მაქსემ
- შპს მილა გრუპი
- შპს პონი
ცნობისთვის, 28 ნოემბრიდან საქართველოში უწყვეტად მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე მონაწილეები პიროტექნიკას იყენებენ.
4 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა "ლილოს" სავაჭრო ცენტრში ის მაღაზიები დალუქა, რომლებიც პიროტექნიკით ვაჭრობდნენ. 3 დეკემბერს პიროტექნიკის საცალო გაყიდვები შეაჩერა კომპანიამ "სამი ძმა", სადაც BM.GE-ს განუცხადეს, რომ შემოსავლების სამსახური მათთანაც შევიდა შემოწმებაზე, თუმცა გადაწყვეტილება, თავად მიიღეს ქვეყანაში არსებული ვითარების განმუხტვამდე. 9 დეკემბერს კი კომპანიაში BM.GE-სთან განაცხადეს, რომ პროდუქტს საერთოდ ვეღარ ყიდიან, რადგან საწყობები დაულუქეს.
ამასთან, დემონსტრანტების მხრიდან ფოიერვერკის გამოყენების გამო, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია მხოლოდ სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი უკვე დააინიცირა და მის მიღებას დაჩქარებული წესით, საშემოდგომო სესიის ბოლომდე, ანუ 13 დეკემბრამდე გეგმავს.