მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი წარმატებით ხორციელდება - პრემიერი

ბაქო-თბილისი-ყარსი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი წარმატებით ხორციელდება და დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული ექვსივე გვირაბის მშენებლობა.

მისივე თქმით, დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების, დაახლოებით, 95% და 2024 წლის მაისიდან სარკინიგზო გადაზიდვები სატესტო რეჟიმში აღდგა.

„განხორციელდა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის პროექტი, რომლის სიგრძე არის 8 კილომეტრზე მეტი. დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების 95%. მაისიდან სატესტო რეჟიმში აღდგა სარკინიგზო გადაზიდვები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მონაკვეთზე 2011 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე დასრულების ვადად 2024 წლის შემოდგომა არის განსაზღვრული. პროექტის სრული სამშენებლო სიგრძე, ხიდების და გვირაბების ჩათვლით, დაახლოებით 40 კმ-ია.

რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, ის ოფიციალურად 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. ბაქოში გამართულ გახსნის საზეიმო ცერემონიაში 5 ქვეყნის ლიდერმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ცერემონია რკინიგზის ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დასრულებას ეძღვნებოდა. ამ თარიღიდან თითქმის შვიდი წლის შემდეგაც რკინიგზაზე სამშენებლო სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არაა. ეკონომიკის სამინისტროში BMG-ის სატესტო რეჟიმში გახსნასთან დაკავშირებით უთხრეს, რომ საქართველოს მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები