მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“სატარიფო ომში საქართველო უფრო საინტერესო ხდება” - როგორ აისახება აშშ-EU-ს ეკონომიკური დაპირისპირება საქართველოზე?

ტრამპი / ტარიფები

აშშ-მა სატარიფო ომი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან ოფიციალურად 4 მარტიდან დაიწყო. თუმცა ორ დღეში გადაწყვეტილება შეცვალა და კანადასთან და მექსიკასთან პროდუქტების დიდ ნაწილზე აპრილამდე გადადო ტარიფების ამოქმედება. არადა მარტიდან ამერიკა მექსიკისთვის და კანადისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესებას აპირებდა.

ჩინეთის შემთხვევაში საიმპორტო გადასახადი დაანონსებულთან შედარებით გაორმაგდა და 20% გახდა. ვაშინგტონში ტარიფების დაწესება ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქციაზეც გადაწყვეტილი აქვთ. ტრამპი ფიქრობს, რომ სატარიფო პოლიტიკის გამკაცრებით ამერიკულ წარმოებას დაიცავს, სავაჭრო დეფიციტს აღმოფხვრის, საბიუჯეტო შემოსავლებს და საბოლოოდ ამერიკის ეკონომიკას გაზრდის.

სატარიფო ომი შესაძლოა საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა აღმოჩნდეს - ამ დაშვებას ავითარებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე BM.GE-სთან ინტერვიუში.

“მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას გაუფუჭდა დასავლეთთან ურთიერთობა, ჩვენ არ მოვქცეულვართ იზოლაციაში. არის მხოლოდ ინდივიდუალური სანქციები პიროვნებებზე, რაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ეკონომიკურ იზოლაციაშია. ხშირად ვისმენთ პოლიტიკოსებისგან, რომ საქართველო ვერ გაუძლებს დასავლეთის მხრიდან იზოლაციას, ეს მართალია, მაგრამ არსად არის ეს იზოლაცია, ამიტომ იყო იანვარში 11%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომ იზოლაციაში არ არის საქართველო ეკონომიკურად. თუ ასე დარჩება, როგორც დღეს არის, მაშინ ის მიმზიდველობა, რაც ჰქონდა უცხოური კომპანიებისთვის, დღემდე აქვს ხომ?! საქართველოში აწარმოო პროდუქცია და აქედან გაიტანო ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, ისევ რჩება.

მეტიც ამ სატარიფო ომში, რომელშიც საქართველო ჯერ არ მოჰყოლია და არც მოჰყვება ალბათ, პირიქით, უფრო საინტერესო ხდება საქართველო. იგივე ჩინელებისთვის უფრო საინტერესო ხდება, რომ აქ აწარმოონ პროდუქცია და როგორც ქართული, ისე გაიტანონ ექსპორტზე. მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ეს შეიძლება ხელსაყრელი იყოს”,- აცხადებს ნამჩავაძე.

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანს კი ეჭვი ეპარება ქვეყნის მმართველ ძალას ამ სავაჭრო ომიდან ხეირის ნახვის უნარი გააჩნდეს.

“ჯერჯერობით ცხადი არ არის, რა სახეს მიიღებს სატარიფო ომი, ან შევა თუ არა უფრო კრიტიკულ ფაზაში. დღეს უფრო მეტად მუქარებზეა საუბარი, ვიდრე გააზრებულ ახალ სატარიფო პოლიტიკაზე. მგონია, რომ საქართველო ნაკლებად იქნება ბენეფიციარი ახლო მომავალში ამ სატარიფო ომების იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხედავ რომელმა მხარემ შეიძლება დაინახოს საქართველოსთან ვაჭრობის გზით ახალი ტარიფებისგან თავის არიდების სარგებელი. თეორიულად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ პირობითად, თუ ჩინეთს დაუწესა ტარიფები აშშ-მ, საქართველო გახდეს შუამავალი ჩინეთისთვის ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის, მაგრამ მე ძნელად თუ წარმომიდგენია დღეს საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს იმის უნარები, რომ შეძლოს ასეთი რთული, კომპლექსური პროცესებიდან ხეირი ნახოს.

დიდი ხანია გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, თუმცა ვერ ვხედავთ თუ რა ხეირი ნახა საქართველომ იმით, რომ ამ ორ უდიდეს სავაჭრო პარტნიორთან ურთიერთობის გზით ენახა სახელმწიფოს და მოსახლეობას სარგებელი, ამიტომ არ მგონია, რომ ახლა „ქართულმა ოცნებამ“ ის უნარები გამოიჩინოს, რომელიც ვერ გამოიჩინა წინა პერიოდში“,- განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები