"ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია და ასეთ რამეებს ჩვენ არ გვეკითხება, მაგრამ ძალიან კარგი, ოქრო რომ იყიდა" - ასე უპასუხა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კითხვას, არის თუ არა ერთიანი კონტექსტი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ოქროთი დივერსიფიცირებასა და კანონთან მიმართებით, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. საქმე ეხება ოფშორებიდან აქტივების გადმოტანას საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით.
პაატა კვიჟინაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ კარგი და დიდი ქვეყანაა, არ შეიძლება ყველაფერი ერთ კალათაში იდოს. უმრავლესობის დეპუტატმა სახაზინო ობლიგაციები იგულისხმა.
"თუ სანქციები დაწესდა, არ ვიცი რატომ უნდა დაუწესდეს კაცს, (ბიძინა ივანიშვილს) სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია, გამჭვირვალობას ვაკეთებთ ახლაც და გამორიცხულია, რომ დაწესდეს. თუმცა თეორიულად რომ დავუშვათ, რომ დაასანქცირონ, ვერც ოქროს გადაიტან, ვერც გაყიდი და ვერც გამოყიდი. ლარში ხომ არ გაყიდი? ისევ საზღვარგარეთის ვალუტაში უნდა გაყიდო. აი, უბრალოდ არ მინდა ამ აბსურდში წავიდე, ისეთ რამეებს ამბობენ და იმეორებენ. ძალიან კარგი ქნა [სებ-მა] ოქრო რომ იყიდა. სიმართლე გითხრათ, მე ამ თემაში ჩართული არ ვყოფილვარ, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია და ასეთ რამეებს ჩვენ არ გვეკითხება, მაგრამ ძალიან კარგი, ოქრო რომ იყიდა. რატომ? იმიტომ რომ ძალიან კარგი და დიდი ქვეყანაა აშშ, მაგრამ არ შეიძლება, ერთ კალათაში გედოს ყველაფერი", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონ დოლარად 7 ტონა ოქრო მარტის დასაწყისში შეიძინა.