ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ცენტრალური საკითხია. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის "მეოთხე მუხლის კონსულტაციების" დასკვნით განაცხადშია აღნიშნული.
2025 წლის 21 მაისიდან 4 ივნისამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეჰანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, საქართველოსთან მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციები გამართა.
როგორც მისიის ვიზიტის წინასწარ მიგნებებშია ხაზგასმული, სებ-ის საბჭოში ვაკანსიების შევსება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა პირველი მისასალმებელი ნაბიჯია.
სავალუტო ფონდის თანახმად, ეროვნული ბანკი ახლა უნდა ფოკუსირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის ცვლილებაზე: (i) უზრუნველყოს საბჭოში არა-აღმასრულებელ წევრთა უმრავლესობის არსებობა (ii) მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შესაძლებლობა შეიზღუდოს და (iii) ნათელი გახადოს და დამატებით გააძლიეროს ეროვნულ ბანკში უფლებამოსილების გადაცემისა (მმართველობის გადაცემის ჩარჩო) და საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის კრიტერიუმები. ასევე რეკომენდირებულია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიღების მოდელის შეცვლა: საპრეზიდენტო გადაწყვეტილების მოდელიდან კოლეგიალურ მოდელზე გადასვლა.



























