ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭო სრულად დაკომპლექტდეს და ის პროფესიონალი წევრებით შეივსოს.
როგორც ფინანსისტმა BMG-ის განუცხადა, ასეთ შემთხვევაში სებ-ის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ნაკლები კითხვები იარსებებს.
თუმცა მისი თქმით, არაა გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ სებ-ის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი დროში გააჭიანუროს, რაზეც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაც მიუთითებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭო სრულად დაკომპლექტდეს და 9 წევრამდე შეივსოს. რაც უფრო მეტი წევრი იქნება, უფრო ნაკლები კითხვა იქნება მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა უფრო მეტად პოლიტიკურია და ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ საბჭო სრულად იყოს შევსებული. თუმცა მხოლოდ დაკომპლექტება არაა საქმე, გააჩნია როგორ მოხდება ეს პროცესი. თუკი ასე ვთქვათ, შედარებით „მსუბუქი წონის“ ხალხი იქნება საბჭოში, მაინც იქნება რისკები დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამიტომ საბჭო ძლიერი, კომპეტენტური პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი იყოს. მარეგულირებლის დამოუკიდებლობა კარგა ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე რბილად რომ ვთქვათ გასაოცარი გადაწყვეტილებით. მათ შორისაა სანქციების აღსრულების წესში შესული ცვლილებები, რომელიც ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდებოდა.
ვიცით, რომ მმართველ გუნდს და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებაა, ამიტომ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ არ განიხილოს ის ინიციატივები, რომლებიც პრეზიდენტისგან მოდის და სებ-ის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი გააჭიანუროს“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ერთი თვის წინ წარედგინა, პარლამენტი იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ სალომე ზურაბიშვილი კანდიდატურას ოთხივე ვაკანტურ პოსტზე წარადგენს.
სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია. შერჩეული 8 კანდიდატიდან პრეზიდენტს 5 კანდიდატი წარედგინა, საიდანაც ზურაბიშვილმა მხოლოდ ეკატერინე ღაზაძე შეარჩია.