ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატთა შესარჩევი კომისიის წევრმა გიორგი ისაკაძემ ჟურნალისტებთან ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატთა შესარჩევი კომისიის ფუნქციები განმარტა. მისი თქმით, კომისიის ფუნქციაა, განიხილოს სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველი 28 კანდიდატის განცხადება და პრეზიდენტს წარუდგინოს კანდიდატები, რომელთაგან, საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილი 4 კანდიდატურას შეარჩევს და განსახილველად პარლამენტს წარუდგენს.
გიორგი ისაკაძის შეფასებით, აღნიშნულ კანდიდატებს შორის არიან ღვაწლმოსილი და პროფესიონალი ეკონომისტები, რომელთა კანდიდატურებიც პრეზიდენტისთვის იქნება შეთავაზებული.
“28 კანდიდატს აქვს შემოტანილი განცხადება, აქედან არიან ძალიან ღვაწლმოსილი, აქტიური და პროფესიონალი ეკონომისტები. ნაწილი არის, რომელიც ძალიან მარტივად ექვემდებარება გადარჩევას. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება შემდეგი, 6-კაციანი ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით არის შექმნილი, შეარჩევს რამდენიმე კანდიდატურას. ეს არ იქნება გინდა თუ არა 4, 12 ან 8 კანდიდატურა, წინასწარ განსაზღვრული არაა რაოდენობა. ამ კანდიდატებს წარუდგენს პრეზიდენტს, საბოლოო გადაწყვეტილებას იმ 4 კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც იქნება წარგზავნილი, ეროვნული ბანკის ამ მაღალ თანამდებობასთან დაკავშირებით მიიღებს პარლამენტი", - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.
ისაკაძემ ასევე უპასუხა გია ვოლსკის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას. მისი განმარტებით, ის ვერ გააკეთებს კომენტარს პოლიტიკურ საკითხებზე და მხოლოდ ეკონომიკურ თემაზე ფოკუსირდება.
დღეს გია ვოლსკიმ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის დაკომპლექტება გააკრიტიკა. "ოცნების" დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს კომისიაში არჩილ მესტვირიშვილი და გიორგი ისაკაძე არ უნდა დაენიშნა.
"გაზაფხულია ან გუშინ შეიძლება მორიგ ჯერზე შავი დედალი დაკლეს. წარმოდგენა არ მაქვს… მე შემიძლია კომენტარი ეკონომიკაზე, ფინანსებზე და ამ თემაზე გავაკეთო. პოლიტიკოსების განცხადებებზე, მით უმეტეს უმიზნო განცხადებებზე კომენტარი არ მაქვს.
ერთის თქმა შემიძლია, მმართველი პარტიის ძლიერი მხარე ეკონომიკა, ფინანსები, განკარგულებების კითხვა არასდროს არ ყოფილა და შესაბამისად ეჭვი მეპარება რომ 2024 წელს ეს ამბავი მოგვარდეს.
საბოლოო გადაწყვეტილებას იმ 4 კანდიდატურასთან დაკავშირებით არა კომისია, არამედ პრეზიდენტი იღებს. აღნიშნული ჯგუფი პრეზიდენტს წარუდგენს რამდენიმე კაცისგან შემდგარ სიას, ეს იქნება 4 კაცზე მეტი კანდიდატურა, საიმისოდ რომ პრეზიდენტი ჩამოყალიბდეს და პარლამენტს მაღალინტელექტუალური მსჯელობისთვის წარუდგინოს კანდიდატები," - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.
დღეს, ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა. კომისიის სრული შემადგენლობის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.