მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შაჰინთან და ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვისთვის - პრემიერი

ირაკლი კობახიძე
10.08.24 14:23
1545

აშშ-ის სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერთან საინტერესო შეხვედრა შედგა.

„საინტერესო შეხვედრა მქონდა აშშ-ის სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, სადაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები განვიხილეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები და ხელი შევუწყოთ მეტ განვითარებას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა „რუსული კანონი“ მიიღო, საქართველოს მთავრობის მიმართ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ანტიდასავლური კურსის შეწყვეტის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა. კანონის საბოლოო მიღების შემდეგ კი პენტაგონმა საქართველოსთან სამხედრო სწავლების პროგრამა განუსაზღვრელი ვადით გადადო, სახელმწიფო დეპარტამენტმა კი საქართველოს მთავრობისთვის 95 მლნ დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა. ამასთან, აშშ-მა "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და სხვა პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სენატორმა ჯინ შაჰინს ეკუთვნის „ქართველი ხალხის აქტი“, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის სანქციების დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსული კანონის მიღების ხელშეწყობაზე ან მიღების მცდელობებზე. სენატორმა შაჰინმა კი განაცხადა, რომ "ქართველი ხალხის აქტი" ამ სავიზო შეზღუდვებს მუდმივს გახდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები