პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტებს აიძულებს, თავად დაფარონ მონაცემთა ცენტრების ფუნქციონირებისთვის საჭირო ელექტროენერგიის მზარდი ხარჯები – მარტივად რომ ვთქვათ, გაზრდილი ტარიფები.
პრეზიდენტის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შენახვა არ უნდა ხდებოდეს რიგითი ამერიკელი მოქალაქეების ხარჯზე, რომელთა კომუნალური გადასახადები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 40%-ით გაიზარდა.
ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში აღნიშნა, რომ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა თავად უნდა გადაიხადონ საკუთარი მოხმარების საფასური. მისი თქმით, ადმინისტრაცია უკვე მუშაობს კომპანია Microsoft-თან, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა, შეცვალოს ელექტროენერგიის მოხმარების სქემა ისე, რომ მონაცემთა ცენტრების მუშაობამ არ გამოიწვიოს ტარიფების ზრდა მოსახლეობისთვის.
Microsoft-მა უკვე წარადგინა ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფით შესყიდვას, ადგილობრივი ქსელების გაფართოების დაფინანსებას და საგადასახადო შეღავათებზე უარის თქმას იმ რეგიონებში, სადაც მონაცემთა ცენტრები მდებარეობს.
მოსალოდნელია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უახლოეს კვირებში მსგავს შეთანხმებებს სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებთან, მათ შორის Google-თან, Meta-სა და Amazon-თანაც გააფორმებენ. პრეზიდენტის გეგმა ასევე მოიცავს საგანგებო აუქციონების გამართვას ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის დასაფინანსებლად, რომელშიც ინვესტიციას სწორედ ტექნოლოგიური სექტორი ჩადებს.
ანალიტიკოსების პროგნოზით, 2030 წლისთვის მონაცემთა ცენტრების მიერ მოხმარებული ენერგია აშშ-ის მთლიანი მოხმარების თითქმის 12%-ს მიაღწევს, რაც სერიოზულ გამოწვევას უქმნის ქვეყნის ენერგოსისტემას.




























