ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ილიაუნის უძრავი ქონების ნაწილი ჩამოართვას და გაასხვისოს.
„ვხედავთ რისკებს, რომ [ილიაუნის კორპუსები ჩამოართვან]... არავის ვუსურვებ ამის გაკეთებას“, - თქვა ნინო დობორჯგინიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად.
საქმე ის არის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსებული „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ მოდელის დანერგვის შემთხვევაში, შესაძლოა, სახელმწიფო უნივერსიტეტების უძრავი ქონების ნაწილი ფუნქციის გარეშე დარჩეს და მთავრობას ღიად აქვს ნათქვამი, რომ თბილისში ცალკეული უნივერსიტეტების შენობების გაყიდვას განიხილავს. „არ შევეხებით მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსს, მეორე კორპუსს, სამედიცინო უნივერსიტეტს, ასეთ შენობებს, მაგრამ არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 19 ნოემბერს, „იმედთან“ ინტერვიუში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი უნივერსიტეტების შენობებს გულისხმობდა.
„ქართული საუნივერსიტეტო, ტრადიციული რუკა უნდა შეეწიროს და უნდა ჩაყლაპოს ბიზნესინტერესებმა?! თითქოს ვაკეში გეოგრაფიული კონცენტრაცია იმით უნდა განიტვირთოს, რომ იქ [უნივერსიტეტების] შენობებს გაყიდიან და 100-სართულიან შენობებს ააშენებენ?! ეს არის სრული ნონსენსი“, - ამბობს ნინო დობორჯგინიძე, რომელსაც ლოგიკურ ეჭვებს განათლების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას 9 დეკემბრის განცხადება უმყარებს.
აღსანიშნია, რომ განათლების მინისტრის მოადგილე ყურადღება სახელმწიფო უნივერსიტეტების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გაამახვილა. მან განმარტა, რომ სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებების ნაწილის საკუთრებაში ქონება 2010 წლის შემდეგაა და ამ ტიპის უნივერსიტეტების ქონება სახელმწიფოს ორსაფეხურიანი საკუთრების უფლების ფორმით ეკუთვნით.
- [ზვიად გაბისონიამ] სწორედ ეს თქვა, რომ: „აი, თქვენი ავტონომია არ არის ეს შენობებიო..." ეს შენობები, საუნივერსიტეტო შენობები სახელმწიფოსგან გადმოგვეცა, მაგრამ არის ასევე შენობები, რომელიც თვითონ უნივერსიტეტმა ააშენა და ილიას უნივერსიტეტს სწორედ ასეთი შენობები აქვს - ტექნოლოგიების კორპუსი ჩვენ ავაშენეთ. უნიკალური კვლევითი ინფრასტრუქტურა გვაქვს თბილისში... ასევე, მაგალითად ალპური ბოტანიკური ბაღი ბაკურიანში. ბაკურიანში ტყე აღარ დარჩა საერთოდ, გარდა ილიაუნის ალპური ბოტანიკური ბაღისა, რომელსაც ერთი გოჯი არ მოჰკლებია და დათვალეთ სხვა სახელმწიფო ქონება რაც იყო, იმას რამდენი მოაკლდა.
- ხედავთ რისკებს, რომ ეს [ქონება] შეიძლება ჩამოგართვან?
- რა თქმა უნდა, ვხედავთ რისკებს... დღეს არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომ ილიაუნის რომელიმე კორპუსი ჩამოგვართვან...
- დღეს არა, მაგრამ ამ რეფორმის და ამ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ?
- ჯერჯერობით, ეს არ ამოქმედებულა და ეს იქნება ყველაზე ტრაგიკული და არავის არ ვუსურვებ ამის გაკეთებას - როგორც გადაწყვეტილების მიმღებებს, ისე ამაზე თანხმობის გამცემებს, იმიტომ, რომ ასე ერთხელ მოიქცა ამ ქვეყანაში მალაქია ტოროშელიძე [თსუ-ის რექტორი, 1928–1930] და ყველამ ვიცით, როგორ დაამთავრა შემდეგ უნივერსიტეტის მომდევნო რვა რექტორმა...
- რა ბერკეტები გაქვთ იმისთვის, რომ დაიცვათ თქვენი უფლებები? სამწუხაროდ, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, ფაქტობრივად, მხოლოდ ილიაუნი საუბრობს ღიად რეფორმის შესახებ - რაც არ მოგწონთ, რა რისკებსაც ხედავთ და ასე შემდეგ...
- თქვენ ვერ ნახავთ უნივერსიტეტის პროფესორებს შორის სპიკერებს, რომლებიც ამას ღიად ამართლებენ, სულ თითო-ოროლა არის...
- თუმცა დიდი ნაწილი დუმს...
- ოღონდ ის მდუმარეებიც არ ეთანხმებიან ამას და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ, რომელიმე პროფესორი ან უნივერსიტეტის რომელიმე თანამშრომელი ამას ხელს მოაწერს, რომ ის უნიკალური ინფრასტრუქტურა კვლევითი, რაც უნივერსიტეტებს აქვთ (მათ შორის თბილისში) - აი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სამედიცინო უნივერსიტეტს - რომ ამის გასხვისებაზე თანახმა იყოს... ამ უნივერსიტეტებმა სხვათა შორის, 2009 წლიდან მოყოლებული, რაც კი გამოჩნდნენ საერთაშორისო რეიტინგებში ორმაგი პროგრამების მომზადების თვალსაზრისით, აჩვენეს ძალიან დიდი პროგრესი, ბევრად უფრო დიდი პროგრესი, ვიდრე ამ რესურსებით შეიძლებოდა მიღწეულიყო და თვითონ რას გვპირდებიან?!
- წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში?
- უნდა დასრულდეს განათლების დეფორმა. არავინ არ არის წინააღმდეგი იმისა, რომ დასხდნენ და ილაპარაკონ იმაზე, რა ტიპის სამომავლო უნივერსიტეტი გვჭირდება. დღეს ამაზე არავინ გვესაუბრება. სხვათა შორის, ეს დოკუმენტი [უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი] აქამდე თვალით არ გვინახავს.
პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" ცვლილებები 2 დღეში დაამტკიცა




























