მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ახალი აეროპორტის განვითარებას თავად გეგმავს - დავითაშვილის პირველი კომენტარი

646225c1c22c7
თინათინ ნატმელაძე
15.05.23 17:54
1463
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, თბილისთან ახალ აეროპორტს სახელმწიფო ააშენებს, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ჯანსაღი კონკურენციის პრინციპით გამოცდილი ოპერატორი კომპანია შეირჩევა, რომელიც შეიძლება თბილისისა და ბათუმის დღევანდელი ოპერატორი TAV Georgia, ან სხვა კომპანია იყოს. დღევანდელ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დავითაშვილმა განაცხადა, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობაზე მუშაობა დაწყებულია და "აეროპორტების გაერთიანებამ" ახალი ლოკაციის შესწავლა უკვე დაიწყო.

თბილისში ახალი აეროპორტის საჭიროებაზე საუბარი, ჯერ კიდევ გასულ წელს, თუმცა განსხვავებული კონტექსტით დაიწყო. 2022 წლის 12 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარების მიზნით, მთავრობას 400-500 მლნ დოლარის ინვესტირების მოლოდინი აქვს. პრემიერს მაშინ სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობდა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რომ საუბარი შეიძლება ახალ აეროპორტზე ყოფილიყო. მოგვიანებით 2023 წლის 6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თემა კიდევ ერთხელ გააქტიურა და თქვა, რომ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას მოიცავდა, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა და მთავრობას ამბიცია აქვს, რომ თბილისს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი ჰქონდეს. ახალი აეროპორტის პროექტის განხორციელებაზე ღარიბაშვილმა მოკლედ 3 აპრილის მთავრობის სხდომაზეც აღნიშნა და თქვა, რომ ქვეყანაში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები იწყებოდა.

დედაქალაქში ახალი აეროპორტის მშენებლობაზე გარკვევით, მაისის დასაწყისში, კორეიდან ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ მთავრობა თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას გეგმავს. მისი განმარტებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების მაქსიმალურ პარამეტრს უახლოვდება, რის გამოც ქვეყანას ავიაციის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის ალტერნატიული აეროპორტი გაჩენა აუცილებელია, თუმცა თბილისის გარშემო ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ამჟამად შეზღუდულია, რასაც TAV-თან არსებული ხელშეკრულება განაპირობებს.

საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობასა და TAV-თან არსებული ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის აეროპორტის გარშემო 200 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო ფრენების განხორციელება შეზღუდულია. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში 2027 წლამდეა. ფინანსთა მინისტრმა bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ ისიც თქვა, რომ ვადის გასვლის შემდეგ ასეთი ტიპის შეზღუდვა შესაძლოა აღარ იყოს, რადგან დღის წესრიგში კონკურენციის საკითხი დგას. ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა აღარ აქვს, ახალ აეროპორტს კი უფრო მეტი გამტარუნარიანობა ექნება.

დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-მ ფინანსთა მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეკონომიკის მინისტრს ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ ჰკითხა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ აეროპორტი ქვეყნის კარიბჭე და სახეა და გარე სამყაროსთან კომუნიკაციაში უმნიშვნელოვანესი როლი უკავია. დავითაშვილი, თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობის შესახებ ფინანსთა მინისტრის შეფასებას დაეთანხმა და თქვა, რომ ქვეყანაში მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე იზრდება.

„ის ამბიციები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ეკონომიკური განვითარების კუთხით, ბევრად აღემატება იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ აეროპორტებს გააჩნია. ჩვენი გათვლები შემდეგ 10 წელიწადში 10 მლნ მგზავრზე მეტია. გრძელვადიან პერსპექტივაში ხდება აეროპორტების განვითარების დაგეგმვა და ამ შემთხვევაში ჩვენი გეგმა 2050 წლამდე ხედვაა, მათ შორის თბილისის აეროპორტის განვითარებით. ჩემი კოლეგა საუბრობდა, რომ არსებულ ტერიტორიაზე სივრცე შეზღუდულია. მას აქვს გაფართოების შესაძლებლობა, მაგრამ იმ გრძელვადიან ამოცანებს, დეტალური შესწავლის შემდეგ დავინახეთ, რომ ვერ უპასუხებს, ამიტომ ჩვენ ახალი ლოკაციის შესწავლა დავიწყეთ. აეროპორტების გაერთიანების მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა ახალი ლოკაციის დეტალურ შესწავლაზე, მათ შორის ნავიგაციის კუთხით, შესწავლილი გვაქვს, რათა აეროპორტის განვითარება დავიწყოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ისიც თქვა, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობას სახელმწიფო თავად გეგმავს. რაც შეეხება ოპერატორ კომპანიას დავითაშვილი აცხადებს, რომ აეროპორტის აშენების შემდეგ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში გამოცდილი ოპერატორი შეირჩევა.

"ეს არ არის მარტივი და ერთდღიანი პროცესი. თქვენ იცით, რომ TAV-თან ჩვენ შეთანხმება გვაქვს 2026 წლის ბოლომდე, 2027 წლის დასაწყისში თბილისსა და ბათუმში მთავრდება ხელშეკრულებები, TAV არის ოპერატორი კომპანია. თუმცა ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანამ თავად განავითაროს აეროპორტი და ეს ალბათ არის სწორი, პრაგმატული მიდგომა, როგორც აეროპორტების ისე სხვა მიმართულებით, ამაზე ვაცხადებდით, როდესაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო საკუთრებაში ქონაზე ვსაუბრობდით, კონკურენტული გარემოს სწორად შენარჩუნებისთვის. მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ოპერირების ნაწილში ჩვენ გვყავდეს პროფესიონალი კომპანიები, ეს შეიძლება იყოს TAV-ი ან სხვა, რომელიც ღია კონკურენციის პირობებში შეირჩევა", - ამბობს ლევან დავითაშვილი.

ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხზე TAV Georgia-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები