მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ

ევროკავშირი

დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 14 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგში საქართველო ერთ-ერთ საკითხად შედის. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ინფორმირებულები იქნებიან საქართველოსა და მოლდოვაში არჩევნების შესახებ.

სხდომა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის ხელმძღვანელობით, ლუქსემბურგში, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკურ პლურალიზმთან დაკავშირებულ რისკებზე დებატები გაიმართა. 9 ოქტომბერს კი ევროპარლამენტმა საქართველოზე კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელიც მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შესრულების გადახედვაზე მოწოდებას ითვალისწინებს.

საქართველოს შესახებ დაგეგმილ განხილვებზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ კარგი ნიშანი არაა. პაველ ჰერჩინსკის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულნი არიან. მისივე ინფორმაციით, 17 და 18 ოქტომბერს იქნება ევროპული საბჭო და პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ასევე შესთავაზა ლიდერებს, ევროკავშირის 27 ქვეყნის პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს, განიხილონ საქართველოს საკითხი. ევროპული საბჭოს დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა შესაძლოა მიმართონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ საკითხებს, რომელთა შორისაა, საქართველოში განვითარებული მოვლენები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები