გთავაზობთ გასული კვირის (17- 23 ივნისი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
2024 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2%-ით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20.2%-ით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 956.5 ლარი (გაიზარდა 9%-ით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 672.7 ლარი (გაიზარდა 12.0 პროცენტით); მშენებლობა - 2 624.6 ლარი (გაიზარდა 22.3%-ით). აღნიშნულ პერიოდში, ქალების საშუალო ხელფასი 1 540 ლარით, ხოლო კაცების - 2 343.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%), ხოლო კაცებში - 289.8 ლარი (14.1%) შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 19 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
სებ-ის მიმდინარე პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო იქნება. "საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.7 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზომიერი ზრდა მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის ზრდამ განაპირობა, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება კვლავ მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოსაა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ინფლაცია 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო იქნება", - აღნიშნავენ სებ-ში.
- 5 თვეში საქართველოს ექსპორტ-იმპორტი შემცირდა
იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 მილიარდ 432 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 მილიარდ 274 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 9.2%-ით ნაკლებია, ხოლო იმპორტი 0.7%-ით 6 მილიარდ 158 მილიონ დოლარამდეა შემცირებული. ამ პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-მაისში 3 მილიარდ 884 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1%-ია.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. 20 ივნისს გამართულ სხდომაზე საკითხები შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, წყალმომარაგების და ელექტროენერგიის ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებს და სატარიფო საკითხებს. კომისიის გადაწყვეტილბით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.
საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე ახალი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა. განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად:
მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:
ა) თანამდებობრივ სარგოს, რომელიც გაანგარიშდება შემდეგი კრიტერიუმებით:
1. განათლება და კვალიფიკაცია;
2. სამუშაო სტაჟი;
3. სამუშაო დატვირთვა.
და
ბ) შესაძლო დანამატებს:
- წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი;
- კლასკომპლექტით სწავლების დანამატი;
- დანამატი არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისათვის: ქართული არაქართულენოვანი სკოლებისთვის; საქართველოს ისტორია; საქართველოს გეოგრაფია;
- კლასის დამრიგებლობის დანამატი;
- მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი.
მთავრობამ 5 თვეში 8.56 მლრდ ლარის გადასახადები აკრიფა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გადასახადების სახით მიღებული შემოსავლები 6 თვის საპროგნოზო მოცულობის (9.4 მლრდ ლარი) 91.1%-ია.
იანვარ-მაისში ბიუჯეტში მიღებული საგადასახადო შემოსავლები
- საშემოსავლო გადასახადი - 2.738 მლრდ ლარი / 6 თვის საპროგნოზო მოცულობის 86.7%)
- მოგების გადასახადი - 1.385 მლრდ ლარი/ 6 თვის საპროგნოზო მოცულობის 86.3%
- დღგ - 2.988 მლრდ ლარი/ 6 თვის საპროგნოზო მოცულობის 86.2%
- აქციზი 940.28 მლნ ლარი/ 6 თვის საპროგნოზო მოცულობის 93.1%%
- იმპორტის გადასახადი 56.39 მლნ ლარი / 6 თვის საპროგნოზო მოცულობის 4%
- სხვა გადასახადები 77 მლნ ლარი / 6 თვის საპროგნოზო მოცულობის 520.4%
2024 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 10 მილიარდ 116 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების სახით მიღებული იქნა 9.117 მლრდ ლარის მოცულობით, არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 61.76 მლნ ლარი, ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იქნა 174.89 მლნ ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით 762 მლნ ლარი. 2024 წლის იანვარ-მაისში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (9.117 მლრდ ლარი) ექვსი თვის საპროგნოზო მოცულობის (10 451 928.4 ათასი ლარი) 87.2% შეადგინა.
- ლარის კურსი - ტენდენცია
გასულ კვირებში ლარის გაუფასურების შემდეგ, 17 ივნისის კვირაში, განსაკუთრებით კი მეორე ნახევარში ეროვნული ვალუტის კურსი უცხოურ ვალუტებთან მიმართებით გამყარების ტენდენციას აჩვენებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით ჯამში 6.88 თეთრით გამყარდა და კვირის ბოლოსთვის 1 დოლარის ღირებულებამ 2.8001 ლარი შეადგინა. ევროსთან მიმართებით მიმდინარე კვირაში ლარი 8.07 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ კვირის ბოლოსთვის 2.99 ლარი შეაგინა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგი ლართან მიმართებით ამავე პერიოდში 9.55 თეთრით გაუფასურდა და 1 გირვანქა სტერლინგის ღირებულებამ 3.5382 ლარი შეაგინა.
ეროვნული ვალუტა სხვა ვალუტებთან მიმართებითაც გამყარდა.