გთავაზობთ გასული კვირის 11-16 დეკემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები
1) საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას დაუჭირა მხარი.
2) პირველი გზავნილია მოლოცვა, მეორე კი ის რომ ახლა იწყება მუშაობის პერიოდი - შარლ მიშელი საქართველოს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საბჭოს ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული მედიის კითხვას უპასუხა. მიშელის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ახლა თავისუფლების მოედანზე აღნიშნავს, მისი პირველი გზავნილია მილოვცვა, ხოლო მეორე გზავნილია ის, რომ ახლა იწყება რეფორმებზე მუშაობის გადამწყვეტი პერიოდი, რამაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს.
“როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრეზიდენტ მაია სანდუსთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. ეს საკმაოდ ემოციური მომენტი იყო ჩემთვის მე ვუთხარი რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. მილოცვისას ჩემი პირველი მესიჯი იყო მილოცვა, მეორე კი ის რომ ახლა იწყება მუშაობის პერიოდი,”- განაცხადა შარლ მიშელმა.
3) ეროვნულმა ბანკმა "პეივ ჯორჯიას" ციფრული ბანკის ლიცენზია მიანიჭა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, სს "პეივ ჯორჯიაზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. შედეგად საქართველოს საფინანსო სისტემას მეჩვიდმეტე კომერციული ბანკი შეემატა.
სს "პეივ ჯორჯიას" ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას. ბანკი მიზნად ისახავს მოემსახუროს ტექნოლოგიურად განვითარებულ კომპანიებს.
სს "პეივ ჯორჯია" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 7 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამისილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება.
თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ბანკის ამონაწერის თანახმად, მისი განთავსებული კაპიტალია 5 მილიონი ლარია და ის 2023 წლის მარტში დაფუძნდა. ბანკის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა ასეთია:
- გენერალური დირექტორის მოადგილე - დმიტრი ბოჩაროვ, სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული რისკების დირექტორი;
- გენერალური დირექტორის მოადგილე - საიმონ ჯეიმს ვანს-კოლინა , ავსტრალია, სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული ტექნოლოგიური დირექტორი;
- გენერალური დირექტორი - ომარ-სალიმ დანანი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.
4) ნოემბერში ფულადი გზავნილები 44%-ით შემცირდა - რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი თანხა
ნოემბერში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 292.7 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $228 მილიონით, ანუ 44%-ით ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გზავნილების შემცირება პირველ რიგში რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების შემცირებას უკავშირდება.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი გზავნილი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რამაც ნოემბერში 75 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა ეს თანხა წინა წელთან შედარებით 239 მილიონი დოლარით, ანუ 76%-ით ნაკლებია. სანაცვლოდ გაზრდილია გზავნილები იტალიიდან, აშშ-დან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
5) პასუხი სატრანსპორტო კოლაფსის რისკებზე - ვეფხი და მოყმის ძეგლთან ესტაკადის და ხიდის პროექტი განახლდება, მშენებლობა ₾300 მლნ დაჯდება
"ვეფხი და მოყმის" ძეგლის მიმდებარედ ესტაკადის მოწყობის პროექტი დღის წესრიგში ბრუნდება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ პროექტი დაახლოებით 300 მილიონი ლარი დაჯდება. მისი თქმით, რამდენიმე პროექტიდან მერიამ უკვე შეარჩია ერთი, რომლის განხორციელებაც მომავალი წლიდან დაიწყება. პროექტის ფარგლებში როგორც საავტომობილო ხიდის მშენებლობა, ისე მიწისქვეშა გვირაბების მოწყობა განხორციელდება.
შეგახსენებთ, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. პანდემიის პერიოდში, 2020 წლის ივნისში საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზნით პროექტის განხორციელება გადაიდო, თუმცა მაშინ კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს პროექტზე უარის თქმას ნიშნავდა.
6) 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია - მთავრობა 25 მილიარდ ლარს დახარჯავს
პარლამენტს 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია დაამტკიცა. სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია ხარჯები წინა წარდგენასთან შედარებით 165 მილიონი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 25 მილიარდ ლარს მიაღწევს. საბიუჯეტო ასიგნებები 2023 წელთან შედარებით 2.7 მილიარდი ლარით იზრდება.
ამ თანხიდან სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული მოხელეების ხელფასები 2.57 მილიარდი ლარით განისაზღვრება, რაც 2023 წელთან შედარებით 340 მილიონი ლარით არის გაზრდილი. სამინისტროების მიხედვით ყველაზე მეტ თანხას 2024 წელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დახარჯავს, რაც 7.8 მილიარდ ლარს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ჯანდაცვის უწყების დაფინანსება 720 მილიონი ლარით იზრდება. ზრდის მხრივ მეორე ადგილზეა განათლების სამინისტრო, რომლის ბიუჯეტიც 424 მილიონი ლარით 2.5 მილიარდ ლარამდე იზრდება. 220 მილიონი ლარით იზრდება ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი და ის 2024 წელს 801 მილიონ ლარს მიაღწევს. სრული ბიუჯეტი იხილეთ ბმულზე.
7) თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია - მერია 1.76 მილიარდ ლარს დახარჯავს
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია. აქედან მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები შეადგენს 1 254 000 000 ლარს, ხოლო 500 000 000 ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი. გარდა ამისა, 2024 წელს დონორების დაფინანსება შეადგენს 63 მლნ ლარს.
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში გადასახადები შეადგენს 918 მლნ ლარს. მათ შორის, ქონების გადასახადი არის 275 მლნ ლარი, სადაც საწარმოთა ქონების გადასახადზე დაგეგმილია 225 მლნ ლარი, ფიზიკური პირის ქონების გადასახადზე - 30 მლნ, ხოლო მიწის გადასახადზე - 20 მლნ ლარი. დამატებული ღირებულების გადასახადი დაგეგმილია 643 მლნ ლარის ოდენობით.
8) აჭარის ბიუჯეტი 726 მილიონამდე გაიზარდა რაში დახარჯავს ადგილობრივი მთავრობა თანხებს
აჭარის მთავრობა 2024 წელს რეკორდულად დიდ თანხას - 726 მილიონ ლარს დახარჯავს. ეს 2023 წელთან შედარებით 154 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის ასიგნებები ასე ნაწილდება:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 140.6 მილიონი ლარი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 139.8 მილიონი ლარი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 51.2 მილიონი ლარი;
- ბათუმის მუნიციპალიტეტი - 71.5 მილიონი ლარი;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 20.3 მილიონი ლარი;
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 18.6 მილიონი ლარი.
9) საშუალო ხელფასი 1,855 ლარამდე გაიზარდა
საქართველოში საშუალო ხელფასი 1,855 ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, წინა წელთან შედარებით საშუალო ხელფასი 260 ლარით, ანუ 16%-ით არის გაზრდილი.
საშუალო ხელფასი ანაზღაურების მთლიან მოცულობას ასახავს, შესაბამისად მას საშემოსავლო გადასახადის სახით 20% აკლდება, ეს კი ნიშნავს, რომ დასაქმებულთა მიერ ხელზე აღებული რეალური საშუალო ხელფასი მესამე კვარტალში 1,484 ლარს შეადგენდა.უფრო სრულად სექტორების მიხედვით ხელფასები იხილეთ ბმულზე.
10) სატრანსპორტო საკითხებში ევროკომისრის განცხადებით, “არიან ევროპული კომპანიები, რომელთაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესი აქვთ”
ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარმა ალდინა ველანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია თუ რომელი ქვეყნის ინვესტიციებს მიიღებს. ასე უპასუხა ევროკომისარმა კითხვას - უნდა განახორციელებინოს თუ არა საქართველომ ახალი პორტის პროექტი ჩინურ კომპანიას.
“მე ვიცი, რომ არიან კომპანიები ევროპაში, ვისაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დიდი ინტერესები აქვთ და ვფიქრობ, იმ დროს, როდესაც მათ ექნებათ მოლაპარაკება თქვენს ხელისუფლებასთან, შესაძლოა, ალტერნატიულმა გადაწყვეტილებებმა იჩინოს თავი, თუმცა კიდევ ერთხელ, ეს საქართველოს გადასაწყვეტია და ამაზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია“, - განაცხადა ევროკომისარმა.
ევროკომისრის განცხადებით, ანაკლიის პორტი EU-სთან ვაჭრობისთვის საქართველოს ახალ სატრანსპორტო არხს გაუხსნის.