მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას" - როგორ ეხმიანებიან სამთავრობო უწყებები Fitch-ის ანგარიშს?

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "ნეგატიურიდან" "სტაბილურამდე" გააუმჯობესა. ეს მას შედეგ, რაც 2024 წლის ივნისში Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე", ხოლო დეკემბერში, გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, "ნეგატიურამდე" შეამცირა. წინა, მაისის შეფასებაში კი Fitch-მა შეფასება უცვლელად დატოვა.

2025 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, პერსპექტივის გადახედვა იმას უკავშირდება, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საერთაშორისო რეზერვები, ასევე გაუმჯობესებულია ტურიზმიდან შემოსავლები და ფულადი გზავნილები.

Fitch-ი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ანგარიშში წერია, რომ ეს რეიტინგზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორია.

"გახანგრძლივებულმა ან უფრო ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება გამოიწვიოს მმართველობის სტანდარტების გაუარესება და ინვესტორების ნდობის შესუსტება",- წერია Fitch-ის შეფასებაში, სადაც ასევე საუბარია ევროინტეგრაციის შეჩერებულ პროცესზე, როგორც გეოპოლიტიკურ რისკზე.

რეიტინგს უკვე გამოეხმაურნენ "ოცნების" ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებში, ასევე ეროვნულ ბანკში. გავრცელებულ პრესრელიზებში Fitch-ის ანგარიშის მხოლოდ გარკვეულ ნაწილზეა აქცენტი და არაფერი წერია რისკებზე, რომლებზეც სარეიტინგო სააგენტო მიუთითებს. გთავაზობთ შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ კომენტარებს:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, სარეიტინგო კომპანიის მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ: „ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ ჯანსაღია. გაძლიერებულია საგარეო მდგრადობა, კერძოდ, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ფაქტობრივად განახევრებულია, გაზრდილია საერთაშორისო რეზერვების დონე, ხოლო დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია. Fitch - ს ასევე საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინი აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების კუთხით, მათ შორის, მიმოხილვაში აღნიშნულია „იგლ ჰილსის“ მასშტაბური პროექტის განხორციელების შესახებაც. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ მეტყველებს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც ორიენტირებულია ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, მაღალ და განგრძობად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი შენარჩუნებულია და კვლავ დადასტურდა BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა გაუმჯობესებულია ნეგატიურიდან სტაბილურ დონეზე. შეფასებაში აღნიშნულია საერთაშორისო რეზერვების, სავაჭრო დეფიციტისა და სხვა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების, კიდევ უფრო გაუმჯობესება და დადებითი დინამიკა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბანკო სექტორის მდგრადობა და ქვეყნის, როგორც მიმდინარე, ისე საშუალოვადიანი წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები კიდევ უფრო გაუმჯობესებულია",- აცხადებს ეკატერინე გუნცაძე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეკატერინე მიქაბაძე ამბობს, რომ Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური სტაბილურობის ასახვაა. სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინე მიქაბაძის განმარტებით, Fitch-ის ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მოყვანილია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა. გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვები 37.2%-ით გაიზარდა და 5.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. როგორც სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რეზერვების ასეთი დინამიკა სტაბილურობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "სტაბილურამდე" გაზარდა

"საქართველოში პოლიტიკური გაურკვევლობა კვლავ მაღალია" - რა წერია Fitch-ის უახლეს ანგარიშში?

Fitch-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3%-მდე გაზარდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები