პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. მან ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძე ამბობს, რომ მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას დეზინფორმაციის კამპანია მოჰყვა და ტყუილს უწოდებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
მან უცხოელი დიპლომატების მიმართ დიპლომატიური რეაგირება დააანონსა.
"სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, ბატონი პაველ ჰერჩინსკიც. თუმცა, იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი.
ბატონი ჰერჩინსკი, რომელიც წინასაარჩევნოდ ამტკიცებდა რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა.
გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორ ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ დიპლომატიური რეაგირება აუცილებლად გვექნება",- თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტების შესაბამის კითხვის პასუხად, კობახიძემ დააკონკრეტა, რომ რეაგირებაში პირველ ნაბიჯად საგარეო უწყებაში ელჩის დაბარება მოიაზრება.
„პირველი ნაბიჯი არის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება. ესაა პირველი დიპლომატიური რეაქცია, რაც შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას. საუბარია ასეთ ნაბიჯზე, რაც უნდა გადაიდგას, თუ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას“, - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან", - თქვა კობახიძემ.
საკითხს დღეს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკიმ ამ განცხადებას სამწუხარო უწოდა.
რაც გუშინ მოხდა, ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას - პაველ ჰერჩინსკი
მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს, EU თქვენთანაა. სრულად გვესმის თქვენი ბრაზი - პაველ ჰერჩინსკი
ვიმედოვნებდით, არჩევნები პოზიტიურ იმპულსს მისცემდა EU-საქართველოს ურთიერთობებს - ელჩი