"ჩვენ ახლა მომსწრე ვართ აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის განმეორების ცდის" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით განაცხადა და მიმართ მათ, ვინც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს "რუსული" უწოდა.
მისივე განმარტებით, ამ კანონპროექტს რუსულ კანონთან საერთო არაფერი აქვს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს.
"მათი მოწყობილია პროვოკაცია, ხატია დეკანოიძის და სხვების. რა არის ანტიევროპული და პრორუსული, თქვით. სად წაიკითხეთ საერთოდ რუსული პასაჟი, განგვიმარტეთ. თქვენ ხართ პრორუსულები, თქვენ ხართ რუსული ძალა, რადგან თქვენ ფარავთ იმ დაფინანსებას რასაც იღებთ და შემდეგ რაშიც ხარჯავთ", - ამბობს ოდიშარია.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ის დაფინანსება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ გაუმჭვირვალეა და მიღებული თანხით სარგებელს მათთან ერთად ოპოზიციური პარტიებიც იღებენ.
"რომელია დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, "სირცხვილია"?! თუ სხვა მისნაირი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელები? თუ ის სემინარი არის ევროპული, ხალხს რომ ასწავლით იარაღის სროლას ან როგორ უნდა დაამზადონ ისეთი შეიარაღება, რომლითაც ადამიანებს დაწვავენ. თუ მთავარი არის დამოუკიდებელი ტელევიზია, რომლის დაფინანსებასაც თქვენ განიხილავთ თურმე, როგორც დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობას?! ეს არის თქვენი სახე, ამ დაფინანსებიდან თქვენ იღებთ ფულს, თქვენ გხვდებათ წილი, პოლიტიკურ ორგანიზაციებს. ერთმანეთზე კუდებით და ფინანსური არხებით ხართ გადაბმულები, სწორედ ამიტომ არ გინდათ საზოგადოებამ გაიგოს საიდან მოდის და რაში იხარჯება ეს ფული. თქვენ აზიანებთ ჩვენს პროდასავლურ მისწრაფებებს. თქვენ აზიანებთ იმ ინტერესს და სურვილს, რაც ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება", - განმარტავს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ბექა ოდიშარია.
მიმდინარე პლენარულ სხდომაზე ასევე სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ, რომელსაც მმართველი პარტიაც მხარს უჭერს.
ოდიშარიამ საპარლამენტო უმცირესობას ამ საკითხთან დაკავშირებითაც მიმართა და აღნიშნა, რომ 4 წლის წინ „საარჩევნო კოდექსში“ „გენდერული კვოტირების“ შემოღება მმართველი გუნდის დამსახურება იყო, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ახლა ამის საჭიროება აღარ არსებობს, რადგან ქალებს პარლამენტის წევრობისთვის კვოტა არ სჭირდებათ.
"ეს გადაწყვეტილება [„საარჩევნო კოდექსში“ „გენდერული კვოტირების“ შემოღება] ნამდვილად პროგრესული იყო, ჩვენ მხარი დავუჭირეთ და სად იყავით თქვენ მაგ დროს?! ეს ირაკლი კობახიძის ინიციატივა იყო და ის რომ არ ყოფილიყო და წინა მოწვევის ქართული ოცნების გუნდი, ვერაფერი იქნებოდა მიღებული, ვერაფერი იქნებოდა მხარდაჭერილი ქალთა ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაფერს თავის დრო, ზომა და წონა აქვს. გარწმუნებთ, მე ვერ ვხედავ ჩვენს ფლანგზე ქალებს, რომლებიც კვოტით არიან მოხვედრილები. თქვენ თუ ხედავთ თქვენს რიგებში, შემოგვჩივლეთ და გიშუამდგომლებთ თქვენს პარტიულ ბოსებთან, რომ ჩაგწერონ სიაში", - თქვა ბექა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, „ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტში აბრუნებს. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა დააინიციროს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ზუსტად იგივე იქნება, ერთი განსხვავებით, რაც ტერმინის დაზუსტებას გულისხმობს.
ცნობისთვის, მმართველმა ძალამ გასულ წელს უცხოური აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო და ვენეციის კომისიასაც გადაუგზავნა, თუმცა საზოგადოების მასობრივი პროტესტის შემდეგ, 9 მარტს მისი უკან გაწვევა გადაწყვიტა, 10 მარტს კი კანონპროექტი ფორმალური, მეორე მოსმენის შემდეგ ჩავარდა.
მას შემდეგ არაერთხელ ითქვა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ კანონს უკან აღარ დააბრუნებდნენ. ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ივნისში განაცხადა, რომ ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მკაფიოდ დაუდასტურა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებდა „უცხოელი აგენტების“ კანონს მიბრუნებოდა. "ეს საკითხი არის დახურული და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს“,- აღნიშნა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა.
ახალმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ კი თებერვალში, დანიშვნამდე პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, რომ გასულ წელს მმართველმა პარტიამ ანგარიში გაუწია “შეცდომაში შეყვანილი” ადამიანების პოზიციას, რომლებიც ამ კანონპროექტს “წაუკითხავად” აკრიტიკებდნენ და ამიტომ გაიწვიეს უკან.