"ოცნების“ მთავრობაში საკადრო ცვლილებები აგვისტოშიც გაგრძელდა. 23 აგვისტოს ანრი ოხანაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ საქმიანობას პრემიერის მრჩევლად გააგრძელებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. იმ დღესვე, ირაკლი კობახიძემ სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძე წარადგინა. ცნობისთვის, ოხანაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არასრული 5 თვე მართავდა.
საკადრო ცვლილებებია მინისტრთა კაბინეტშიც. კერძოდ, ახალი მოადგილეები ჰყავთ თავდაცვის, ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის მოადგილის პოსტზე საქსტატის საბჭო ყოფილი წევრი, დავით კუპატაძე დაინიშნა. აგვისტოშივე, "ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის მე-5 მოადგილედ ბათუ გურჯიძე დაინიშნა. ამასთან, 22 აგვისტოს ბრძანების თანახმად, ახალი მოადგილე ეყოლება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილსაც და ამ პოსტს ლაშა ავალიანი 22 სექტემბრიდან დაიკავებს.
დანიშვნების პარალელურად, აგვისტოში, ირაკლი კობახიძემ მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლების ორ ბრძანებას მოაწერა ხელი. კერძოდ, 18 აგვისტოდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს ვლადიმერ კონსტანტინიდი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა კი გიორგი პატარიძემ დატოვა - ის იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა.
ცვლილებები იყო ადგილობრივ მთავრობაშიც. კერძოდ, 13 აგვისტოს, გიორგი ცინცაძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მანამდე ამ თანამდებობას გიორგი მურვანიძე იკავებდა, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელად დაინიშნა, რომელიც აგვისტომდე გიორგი თვაურს ეკავა.




























