საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად საჭირო რეკომენდაციების შესრულებისთვის ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს.
"ქართულმა ოცნებამ" 14 ივნისს ბრიუსელიდან წერილი მიიღო, სადაც გასული წლის ბოლოს გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე განახლებული ინფორმაციაა მოთხოვნილი. კომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ინფორმაციას 31 აგვისტომდე ელის და ასევე ელის კონკრეტულ ნაბიჯებს შესაბამისი საკითხების მოსაგვარებლად. საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც 2024 წლის 6 დეკემბერს მიღებულ ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში მიემართა საქართველოს. ანგარიშში ევროკომისიამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების შესახებ. სწორედ ამ კონტექსტში, იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის. ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას შემდეგი ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშის ფარგლებში შეაფასებს, რის საფუძველზეც, დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები მე-8 მუხლის საფუძველზე, ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურებით.
"ქართულ ოცნებაში" ევროკომისიის 8 რეკომენდაციას "ცარიელ ულტიმატუმს" უწოდებენ და ბრიუსელიდან არგუმენტებს ითხოვენ. როგორც ირაკლი კობახიძემ 17 ივლისს განაცხადა, "ევროპაში ვიზით წახვალ თუ უვიზოდ, ეს ეგზისტენციალური საკითხი არ არის". მისივე თქმით, "თუ საკითხი ისე დადგება - ან მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ უპირატესობას მშვიდობას და სტაბილურობას მივანიჭებთ".
რა მოხდება, თუ ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერდება?
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში მოსალოდნელ ეკონომიკურ თუ სხვა სახის რისკებზე ამახვილებენ ყურადღებას ეკონომისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მათ შორის ელიან, რომ მოგზაურობა გაძვირდება, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ქვეყნიდან გავლენ, ტურიზმის ინდუსტრია და ქვეყნის ეკონომიკა კი მნიშვნელოვნად დაზარალდება.
გთავაზობთ BMG-სთან გაკეთებულ შეფასებებს და მოსაზრებებს უვიზო რეჟიმის შეჩერების მოსალოდნელ შედეგებზე:
ჯეოქეისის მრჩეველი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე: "ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ჩვენს ეკონომიკას მინიმუმ გაანახევრებს. შემცირდება რემიტენსები, რომლის დიდ ნაწილს შეგახსენებთ, რომ ზუსტად ამ უვიზო რეჟიმის გამოწვეული სარგებლით ავსებს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც საშუალო და დაბალი შემოსავალი აქვს, რომელიც ჩვენს სტატისტიკაში ხვდება როგორც თვითდასაქმებული. ისინი იყენებენ 30-დღიან შუალედს ლეგალურად წასვლით ევროპაში, იქ ახდენენ დოვლათის დაგროვებას და ისევ საკუთარი ქვეყანაში ბრუნდებიან. გარდა ამისა, ეს არის ქვეყნის ცნობადობა. როგორც გამყვან, ისე შემომყვან ტურიზმს დააწვება ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს".
"საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი : "ქუთაისის აეროპორტის განვითარება რამ განაპირობა?! უფრო მეტი ტურისტი შემოდიოდა და შეიქმნა ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი. ზუსტად ამის პირდაპირპროპორციულად გაუქმდება სამუშაო ადგილები, თუ ისევ დაწესდება სავიზო რეჟიმი ევროპასთან. ყველამ ვიცით, რომ მნიშვნელოვანია განათლების და ჯანდაცვის კომპონენტები, ასევე ოჯახების კომუნიკაცია, მაგრამ ყველაზე დიდ საფრთხეს ვხედავ სამუშაო ადგილების გაუქმებაში, უბრალოდ გაქრება სამუშაო ადგილები, ისედაც ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი".
ტურისტული კომპანია “ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე: "მთლიანობაში, საერთოდ ქუთაისის აეროპორტის ფუნქციონირება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან აეროპორტს ასულდგმულებს Wizz Air-ი, რომელი ევროპის დედაქალაქებში დაფრინავს. Wizz Air-ის საქართველოს ბაზარზე ყოფნა, პირველ რიგში, ქართველებზეა დამოკიდებული და შემდეგ ევროპის ქვეყნების იმ მოქალაქეებზე, ვინც საქართველოში დასასვენებლად ჩამოდიან“.
ტურისტული კომპანია „ვინგლეთის“ დამფუძნებელი, ანა კირკიტაძე: "ყველა ადამიანი ვერ დააკმაყოფილებს ვიზის მისაღებად კრიტერიუმებს. რომც დააკმაყოფილონ კრიტერიუმები, ალბათ წინასწარ ვეღარ დაგეგმავს, რომ თადარიგი დაიჭიროს და კარგი ფასი მიიღოს. მეორე მხრივ, შეიძლება ვიზა მივიღო, მაგრამ ისე გამიძვირდეს ტურისტული პაკეტი, რომ აღარ მიღირდეს წასვლა. მოთხოვნის და დატვირთულობის შემცირება გამოიწვევს იმას, რომ დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიები საქართველოს ბაზრიდან გავლენ. ახლა ძალიან რომ გვიხარია, ევროპის რომელიმე ქალაქში 50 ევროდ გადაფრენა, ეს ფუფუნება აღარ გვექნება. ეს ვითარება ტურისტული კომპანიების შემოსავლებზე იმოქმედებს."
ტურისტული კომპანია Travelfy-ის ხელმძღვანელი გიორგი მელიქიშვილი: "უვიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოდან ამდენი ავიაკომპანია აღარ იფრენს, შესაბამისად, გაძვირდება ავიაბილეთები. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მიიღებს ვიზას, ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, როგორც ფინანსური, ასევე სამოგზაურო ისტორიიდან გამომდინარე. ჩემი აზრით, ქართველი მოგზაურების [რაოდენობა ევროპაში] მინიმუმ 30-40%-ით შემცირდება. მინიმუმ 15-20% ფიზიკურად ვერ გადაიხდის [ტურისტული პაკეტის] გაზრდილ ღირებულებას, მინიმუმ 10-15% ვერ მიიღებს შენგენის ვიზას. მოგზაურების ნაკადის შემცირება ფინანსურად ტურისტულ კომპანიებსაც დაარტყამს".
ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი: "ამას მოჰყვება ტურისტული პაკეტების გაძვირება, ტურების დაჯავშნის სირთულე, რიგები საელჩოებთან და დიდ ნაწილზე ალბათ უარიც იქნება. მოკლედ პრობლემების მეტი არაფერი იქნება. ვფიქრობ, რომ გამყვან ტურიზმს გაანულებს და ძალიან ბევრ სააგენტოს გააკოტრებს. არის კიდევ ის გარემოება, რომ ზოგიერთ საელჩოს საქართველოში საკონსულო მომსახურება არ აქვს, რის გამოც შესაძლოა გადამისამართება მოხდეს აზერბაიჯანში ან თურქეთში".
ბიზნესმენი და "ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის" პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი: "უვიზო მიმოსვლას თუ გაგვიუქმებენ, ძალიან დიდი დანაკლისი იქნება როგორც ქვეყნის პრესტიჟისთვის, ასევე ეკონომიკისთვის და კონკრეტულად, ექსპორტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დიდი მოცულობები არ არის [EU-ს მიმართულებით], ამასაც აქვს თავისი საფუძველი აქვს და ეს საფუძველი, თავისთავად ცხადია, ჩვენი სახელმწიფოს მიერ დასავლური კურსიდან გადახვევაა. კანდიდატის სტატუსი იმიტომ მოგვცეს და DCFTA-ის ბენეფიტით იმიტომ ვსარგებლობთ, რომ ჩვენი ქვეყანა ვითარდებოდა სწორი მიმართულებით, ქვეყნის შიგნით არ იყო ის დაძაბული პოლიტიკური ფონი, რაც ახლაა."
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე: "ამას სერიოზული პრობლემები მოჰყვება. აქ არსებული საკონსულოების უმრავლესობას, ვიზების გაცემის ინფრასტრუქტურა აქვს შემცირებული. არ აქვთ შესაბამისი ადამიანური რესურსი, ისევე როგორც ინფრასტრუქტურა. [უვიზო რეჟიმს], რომ შეგვიჩერებენ, საელჩოები მყისიერად ვერ გადაეწყობიან იმაზე, რომ ადამიანებმა მეორე დღიდან ვიზის მიღება შეძლონ, რაც მოქალაქეებს პრობლემებს შეუქმნის".




























