უკვე თითქმის ათი წელია, რაც ქართული საქონლისა და მომსახურებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა. იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება და მათ შორის, მიმდინარე წელს 61.6 მლნ ლარია გათვალისწინებული, არაერთი შეფასების თანახმად, ქვეყანა DCFTA-ს შესაძლებლობებს კვლავ არასაკმარისად იყენებს.
EU-ში ადგილობრივი ექსპორტი
DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა მაქსიმუმს, 741 მლნ დოლარს, 2022 წელს მიაღწია, თუმცა გასულ - 2023 წელს 22%-იანი კლება დაფიქსირდა. ამასთან, თუ 2014 წელს ევროკავშირზე საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 22.4% მოდიოდა, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 20.7% შეადგინა.
მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტი 156.2 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წლიურად 45%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამ მონაცემებით, წელს ადგილობრივი ექსპორტში ევროკავშირზე მხოლოდ 15.2% მოდის. შედარებისთვის, ამავე პერიოდში, ადგილობრივ ექსპორტში 21.1%-იანი წილი რუსეთს უკავია, სადაც ყველაზე მეტი ქართული პროდუქცია იყიდება.
უფრო დეტალურად, ევროკავშირში ადგილობრივი ექსპორტის დინამიკა ასეთია:
- 2014 წელი - $407.6 მლნ
- 2015 წელი - $534 მლნ
- 2016 წელი - $491.9 მლნ
- 2017 წელი - $558.2 მლნ
- 2018 წელი - $611.9 მლნ
- 2019 წელი - $720 მლნ
- 2020 წელი - $623 მლნ
- 2021 წელი - $639.6 მლნ
- 2022 წელი - $741 მლნ
- 2023 წელი - $576 მლნ
- 2024 წელი (იანვარ-მაისი) - $156.2 მლნ
რას ვყიდით?
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ პარლამენტში DCFTA-ის განხორციელების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2023 წელს საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა ისეთ სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა: მინერალური წყალი - 17%-ით, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები - 46%-ით, სპირტიანი სასმელები - 27%-ით, აზოტოვანი სასუქები - 94%-ით. გენადი არველაძის განცხადებითვე, 2023 წელს ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა, 2014 წელთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა და 1006 შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში ევროკავშირში ექსპორტირებული TOP-10 ადგილობრივად წარმოებული საქონელი ასე გამოიყურება:
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $21 მლნ
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $13.4 მლნ
- ფეროშენადნობები - $11.8 მლნ
- ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - $8.04 მლნ
- მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - $6.3 მლნ
- თხილი და სხვა კაკალი - $5 მლნ
- მინერალური და მტკნარი წყლები - $5 მლნ
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $4.6 მლნ
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - $4.4 მლნ
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის - $3 მლნ