ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მეთიუ მილერმა ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახაზინო დეპარტამენტის სანქციების დაწესების მოტივაცია განმარტა.
„აშშ კვლავ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც ევროკავშირისა და "ნატოს" წევრობის ნორმებს არ შეესაბამება. ე.წ. „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ მიღების გარდა, ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ მიმართავდა ძალადობას საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ კანონს აპროტესტებდნენ. დღეს, აშშ საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და მოძალადე ექსტრემისტული დაჯგუფების ორ ლიდერს სანქიციებს უწესებს, ასევე, 60-ზე მეტ ქართველ პირს სავიზო შეზღუდვებს უწესებს, ადამიანის უფლებების დარღვევაში, კორუფციასა და სხვა ანტიდემოკრატიულ ქმედბებში მონაწილეობის გამო.
ეს ქმედებები არის ჩვენი მხრიდან საქართველოსთან ყველა ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის შედეგი, რაც გამოწვეულია მუდმივი ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან მცდარი განცხადებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობასთან ათწლეულების განმავლობაში არსებული ჩვენი ურთიერთობის სულისკვეთებას.
საქართველოს მთავრობას შეუძლია, თავიდან დაადასტუროს თავისი ევროატლანტიკური ტრაექტორია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და გაწვევით და ევროკავშირთან გაწევრიანების რეფორმების შესახებ არსებულ რეკომენდაციებზე მნიშვნელოვანი და გაზომვადი პროგრესის ჩვენებით.
32 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ყველაზე დიდი მხარდაჭერი იყო. ჩვენი დახმარება ორიენტირებული იყო საქართველოს უფრო ძლიერ, წარმატებულ და შესაძლებლობებიან ქვეყნად ქცევაზე, რომელსაც უფრო მეტად შეუძლია თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება იმ გზას, რომელსაც მისი ხალხი ირჩევს“, – განაცხადა მილერმა.
აშშ-მა ფინანსური სანქციები ალტ-ინფოს ლიდერებს კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძესაც დაუწესა
რა კომპანიებს ფლობენ აშშ-ის ხაზინის მიერ სანქცირებული კონსტანტინე მორგოშია და ზურა მახარაძე?
აშშ-მა საქართველოს კიდევ 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათ ოჯახის წევრებს, სავიზო სანქციები დაუწესა
საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს დაწესებული აშშ-ის სავიზო და ფინანსური სანქციები და რას ნიშნავს ეს?