მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასწრაფოდ არის ასამოქმედებელი მხარდაჭერის ნებისმიერი მექანიზმი" - ირაკლი ტყებუჩავა ენერგოსექტორზე

ირაკლი ტყებუჩავა

"სასწრაფოდ არის ასამოქმედებელი მხარდაჭერის ნებისმიერი მექანიზმი", - ამის შესახებ “გროს ენერჯი ჯგუფის” ფინანსურმა დირექტორმა, ირაკლი ტყებუჩავამ გადაცემა “ანალიტიკაში” ენერგოსექტორში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, CFD-ის მეორე აუქციონიც გვქონდა, თუმცა, რეალობაში ხელშეკრულებები ბევრს არ გაუფორმებია და ახალი გენერაციის ობიექტები არ ამოქმედებულა. ეს კი პრობლემაა, ვინაიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი გვაქვს.

„ჩემი აზრით, სასწრაფოდ არის ასამოქმედებელი მხარდაჭერის ნებისმიერი მექანიზმი. თუ მეორე აუქციონი დასრულდა, უნდა მოხდეს ამოქმედება, რეალურად ხელშეკრულებების გაფორმება და მათი რეალობაში ნახვა. პირველი აუქციონიც დასრულდა, რეალობაში არ გვინახავს არცერთი ობიექტი. მემორანდუმი გამარჯვების შემდეგ ბევრსაც არ გაუფორმებია და სექტორს არ დატყობია არაფერი. დღეს ელექტროენერგიის 40%-ის დეფიციტი გვაქვს, რაც შეიძლება მალე უნდა აშენდეს ობიექტები და ხელშეწყობის მექანიზმები ამოქმედდეს. ვფიქრობ, PPA-ს მექანიზმის დაბრუნება მედიანური ტარიფით და რაც შეიძლება მეტი ობიექტის ჩართვა და ხელშეწყობა; და ინვესტორების მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულება იქნება ძალიან კარგი, რაც მიწოდებას გაზრდის”, - განაცხადა ირაკლი ტყებუჩავამ.

მისივე თქმით, CFD-აუქციონების შეჩერებისა და PPA მექანიზმის დაბრუნების შედეგად ქვეყანა “ორ კურდღელს იჭერს”.

“ჩემი აზრით, CFD არის დღევანდელი მდგომარეობით იგივე PPA, უბრალოდ ასევე აკმაყოფილებს ბირჟის გახსნის კრიტერიუმსაც. ანუ, შეგვიძლია გავხსნათ ბირჟა, დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის მოთხოვნაც და ვთქვათ, რომ ბირჟა მოქმედებს, მეორე მხრივ კი, ინვესტორთან PPA ხელშეკრულება გავაფორმოთ, ვინაიდან ინვესტორს შეუძლია CFD-ში დაფიქსირებულ ტარიფზე ააწყოს მთელი ფინანსური მოდელი. ჩემი აზრით, ამით ორი კურდღლის დაჭერა მოხდა. მაგრამ მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი მუდმივად იზრდება, მოთხოვნა მზარდია, მიწოდება იმ ტემპით არ იზრდება და თუ მალე არ მოხდა გენერაციის გაზრდა, დიდი პრობლემების წინაშე დავდგებით და ვიქნებით დამოკიდებული ჩვენს არაკეთილმოსურნე მეზობელზე“, - აღნიშნა „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ აპრილში გახდა ცნობილი, რომ მთავრობა ახალ CFD აუქციონებს აღარ გამოაცხადებს და ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებთან პირდაპირ კონტრაქტებს გააფორმებს. ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის ინვესტორებთან პირდაპირი კონტრაქტები სიმძლავრის მეორე აუქციონის მედიანური ტარიფებით დაიდება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მედიანური ტარიფი თავად დაინტერესებული მხარეების მხრიდან წარმოდგენილი ფასების მიხედვით დადგინდა და პირდაპირი კონტრაქტებიც სწორედ ამ ტარიფით გაფორმდება. ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ დადგენილი ტარიფები პროექტების რეალურ ღირებულებას არ შეესაბამებოდა, რაც ენერგოპროექტების განხორციელებას რისკს ქვეშ აყენებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები