მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია - ამ ორ პარამეტრს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მთავრობის გუნდთან ერთად ეროვნული ბანკის დამსახურებად მიიჩნევს.
ლევან დავითაშვილმა BM.GE-ის კითხვაზე, ხომ არ არის, ბოლო დროის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები კავშირში არჩევნებთან, არ უპასუხა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა არ უპასუხა ასევე კითხვებს, რამდენად რელევანტურია რეზერვების გაყიდვის პროცესი და როგორ აფასებს Global Finance-ის მიერ ნათია თურნავას ევროპის რეგიონში ყველაზე დაბალი ქულით შეფასებას.
"ჩვენ, ბოლო პერიოდში გვაქვს ძალიან სტაბილური ეკონომიკური პროგრესი, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ნებისმიერ ექსპერტთან. თქვენ, ის მედიასაშუალება ხართ, რომელსაც აქვს კომპეტენცია ეკონომიკასა და ბიზნესში მიმდინარე პროცესები შეაფასოს ობიექტურად და იმედია მაქვს, ამასაც ასე შეაფასებთ.
ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და ამავე დროს, გვაქვს დაბალი ინფლაცია. ერთეულ ქვეყნებს შეუძლიათ ილაპარაკონ ასეთ შედეგებზე. ჩვენ გვაქვს ყველა სახვა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი აბსოლუტურად ჯანსაღი. ეს შეეხება საგარეო ვალს, ინფლაციას, ბიუჯეტის დეფიციტს, ეკონომიკურ ზრდას და ა.შ. ამ პროცესში კი, ქვეყნის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი როლი აქვს ეროვნულ ბანკს. ვფიქრობ, რომ ეს ეროვნული ბანკის მუშაობის ობიექტური მაჩვენებელია", - ასე უპასუხა bm.ge-ის კითხვას ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა.
სებ-მა სავალუტო აუქციონზე $70 მლნ გამოიტანა - გაიყიდა $65 მილიონი