მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ სახელმწიფო კომპანიებში (არ) შეცვალა ხელმძღვანელი "ოცნების" მთავრობამ?

ფოსტა

"ოცნების" მთავრობასა და საჯარო უწყებებში მიმდინარე წლის გაზაფხულიდან საკადრო ცვლილებების ტალღა დაიწყო, რომელიც თითქმის უგამონაკლისოდ გავრცელდა ყველა სტრუქტურაზე. ცვლილებები შეეხო სახელმწიფო საწარმოების დიდ უმრავლესობასაც.

იმის პარალელურად, რომ სახელმწიფო საწარმოების დიდ ნაწილს ხელმძღვანელი შეეცვალა, ოპტიმიზაციის შედეგად, ირაკლი კობახიძის თქმით, ბიუჯეტმა 700 მილიონიც დაზოგა.

bm.ge გთავაზობთ სახელმწიფო საწარმოების ჩამონათვალს, სადაც 2025 წლის გაზაფხულიდან დღემდე ხელმძღვანელები შეიცვალა

  1. საქართველოს რკინიგზა - 7 მაისს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი შეიცვალა, ამ პოსტზე დავით ფერაძე, რომელიც კომპანიას ბოლო 7 წლის განმავლობაში მართავდა, ლაშა აბაშიძემ შეცვალა;
  2. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 16 ივლისს "პირადი განცხადების საფუძველზე" თანამდებობა დატოვა გიორგი ჩიქოვანმა. ის ეკატერინე სისაურმა ჩაანაცვლა;
  3. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 16 აპრილს ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი გახდა. მან გიორგი გიგინეიშვილი შეცვალა, რომელიც პოსტს 2023 წლიდან იკავებდა;
  4. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) - ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა დვალიშვილი 15 ივლისს თორნიკე ყაზარაშვილმა ჩაანაცვლა;
  5. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - კომპანიის დირექტორი წელს ორჯერ შეიცვალა. პირველი ცვლილებით თანამდებობას ვაკის ყოფილი გამგებელი, დავით კვინიკაძე იკავებდა, რომელიც თითქმის 5 თვის წინ, მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში დაინიშნა. 28 აგვისტოს ცვლილების შედეგად კი, კომპანიას გიორგი შონია უხელმძღვანელებს;
  6. გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო - დირექტორად მამუკა მენაღარიშვილი 6 მაისს დაინიშნა. იქამდე თანამდებობას ბაჩანა სულაძე იკავებდა;
  7. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი - ხელმძღვანელი 16 აპრილს ვლადიმერ ძნელაძე გახდა. მან ჯაბა ხმალაძე ჩაანაცვლა.
  8. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია - 1-ელ სექტემბერს კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინეს, რომელიც 2022 წლიდან სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა;
  9. საქართველოს ფოსტა - 1-ელ სექტემბერს დირექტორის პოზიციაზე ლევან ჩიკვაიძე გიორგი ერაძემ შეცვალა;
  10. საქართველოს მელიორაცია - ახალი გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი 18 მარტს დაინიშნა. იქამდე პოსტს თამაზ მღებრიშვილი იკავებდა.

მართალია, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი 2025 წლის საკადრო ცვლილებები ტალღის დროს არ შეცვლილა, თუმცა კომპანიის დირექტორი გასული წლის ნოემბრის ბოლოს ჩაანაცვლეს. დავით ფაჩულია გიორგი პაპავამ შეცვალა.

ხელმძღვანელები არ შეცვლილა

  • შპს ენგურჰესი - 2001 წლიდან დღემდე დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიაა;
  • შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია - ხელმძღვანელად კვლავ რჩება გიორგი შარკოვი;
  • შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია - დირექტორი კვლავ შალვა შავიშვილია;
  • შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზა - დირექტორი აქაც უცვლელია და პოსტზე ლევან კანკავა რჩება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის, 3 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2022 წელს დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაწყება, კიდევ ერთხელ დააანონსა. მისი განცხადებით, საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოთა შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წელს 52,5 მილიონი ლარი დაიზოგა. კერძოდ, მისი თქმით, ოპტიმიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზაში 36 მილიონი ლარი დაიზოგება, ხოლო ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში – 16,5 მილიონი ლარი. ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, ოპტიმიზაციის შედეგად წლიურმა ეკონომიამ შეიძლება 100 მილიონ ლარსაც გადააჭარბოს. 5 ივნისს იგივე გაიმეორა ლევან ჟორჟოლიანმაც და ასევე დასძინა, რომ ოპტიმიზაციის საბოლოო მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მოგებაზე გასვლა.

bm.ge-მ სახელმწიფო საწარმოებში კადრების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ცალ-ცალკეც საწარმოებიდანაც გამოითხოვა და შემდეგ (2025 წლის 21 ივლისს) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდანაც, რომელმაც თავის მხრივ, ინფორმაციის გაცემა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, თუმცა პასუხები, ჯერჯერობით, არ მიგვიღია. bm.ge-ის კითხვები ეხება "საქართველოს რკინიგზაში" განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგებს, კერძოდ, სულ რამდენი მილიონი ლარია დაზოგილი წლიურად, ძირითადად ვის/რის ხარჯზე და რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს. ასევე, რა შედეგით დასრულდა ოპტიმიზაცია ენერგეტიკულ საწარმოებში. გარდა ამისა, Bm.ge-ის აინტერესებს, ამ ეტაპზე რომელ კომპანიებში მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი დაწყებული ან/და სად იგეგმება.

„ოცნების“ მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის დაწყებას კიდევ ერთხელ აანონსებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები